როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას?

საქართველოში განქორწინების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს: „საქსტატის“ მონაცემებით, 2010 წლის შემდეგ რეგისტრირებულ განქორწინებათა რიცხვი საქართველოში გაორმაგდა. ასეთ დროს უამრავი სადავო საკითხი წარმოიშობა და ეს განსაკუთრებით ეხება ქონებრივ დავებს: როგორ უნდა გაიყოს ქონება, თუ მეუღლეებმა განქორწინება გადაწყვიტეს და რა უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ, რომ მოტყუებული არ დარჩეს? – ამის თაობაზე ჩვენს მკითხველს რამდენიმე რჩევას ადვოკატი, ირაკლი უტიაშვილი მისცემს.

არ დააგვიანოთ!

მეუღლეებმა ქონების გაყოფა განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში უნდა მოასწრონ, რადგან ასეთია კანონის მოთხოვნა. მხოლოდ ამ ხნის განმავლობაში შეიძლება მოითხოვოთ ყოფილი მეუღლისაგან ქონების წილი – სამი წლის შემდეგ ეს უკვე დაგვიანებულია.

კანონი მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებას აღიარებს

მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის წესით დადგენილი ქორწინება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქორწინების რეგისტრაცია აუცილებელია. თუ განქორწინებაზე ორივე მეუღლე თანახმაა, მაშინ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ანუ სამოქალაქო რეესტრის მიერ, მაგრამ თუ ცოლი, ან ქმარი განქორწინებაზე თანახმა არ არის, მაშინ ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში კანონი რელიგიურ ქორწინებას არ ანიჭებს მნიშვნელობას, ეს უნდა იყოს კანონით დადგენილი და რეგისტრირებული ქორწინება. ჯვრისწერის დამადასტურებელი მოწმობა არ წარმოშობს მეუღლეთა სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს, რადგან რელიგიური ქორწინება არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქორწინება.

როდესაც ოჯახი მრავალი წლის შემდეგ ინგრევა

თუ მეუღლეები მრავალი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და მათი ქორწინება კანონით დადგენილი წესით იყო რეგისტრირებული, მათ მიერ ამ პერიოდში შეძენილი ქონება მათი საერთო საკუთრებაა. კანონი ამას აღიარებს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მეუღლე არ მუშაობდა, შვილებს უვლიდა და არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი, მათი ქონება მაინც საერთოა. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ცოლი მუშაობდა, თუ ოფიციალური შემოსავალი არ ჰქონდა და ოჯახს უვლიდა. როდესაც ცოლ-ქმარს შორის წარმოიქმნება დავა ქონების გაყოფის თაობაზე, მათი ქონება მაინც თანაბრად უნდა გაიყოს. ეს იმიტომ, რომ კანონის მიერ მათი ქონება თანასაკუთრებად ითვლება. ხშირად ხდება, რომ ყოფილი ქმარი ამტკიცებს – ყველაფერი ჩემი ფულითაა შეძენილიო, მაგრამ ცოლს სრული უფლება აქვს წილი მოითხოვოს და ამ ქონების ნახევარი მიიღოს. სხვათა შორის, ეს ვრცელდება ქონებაზე, რომლის ფასიც თანაცხოვრების პერიოდში გაიზარდა: დავუშვათ, ბინის რემონტის, ან განსხვავებული დაგეგმარების შედეგად. თუ ქმარს ცოლის შერთვამდე ჰქონდა სახლი, რომელიც ღირდა 20 ათასი დოლარი და გადაკეთების შედეგად მისი ფასი გაიზარდა, მაშინ ეს სახლი ორივეს საკუთრებად უნდა ჩაითვალოს.

როდესაც ერთმანეთს ახალბედა წყვილები შორდებიან

ქონების გაყოფისას ქორწინების ხანდაზმულობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. თუ ეს ქონება მეუღლეებმა ერთად შეიძინეს, დროს მნიშვნელობა არა აქვს: შეიძლება რამდენიმე თვის, ან 1 წლის შემდეგ განქოწინდნენ, მაგრამ თუ საერთო ქონება აქთ, ის შუაზე უნდა გაიყონ. ეს წესები ვრცელდება ზედსიძეებზეც: თუ კაცი ცოლის ოჯახში იყო ჩასიძებული, ეს რეგისტრირებული ქორწინებაა და მათ ქონება ერთად აქვთ შეძენილი, ეს მათი თანასაკუთრებაა. თუ მამაკაცს, (ან ქალს) ორი მეუღლე ჰყავს და ერთთან სამოქალაქო ქორწინება აკავშირებს, ხოლო მეორესთან – ჯვრისწერა, ეს წესები მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ მეუღლეზე ვრცელდება. თუ მეორე ცოლთან ჯვარდაწერილია და შვილიც ჰყავს, მას მამის ქონებაზე უფლება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ექნება.

გახსოვდეთ: ინდივიდუალური საკუთრება გაყოფას არ ექვემდებარება

თუ ქმარს, ან ცოლს დაქორწინებამდე ჰქონდა შეძენილი ბინა, მანქანა, ან სხვა რამ, განქორწინების შემთხვევაში მეუღლე ამ ქონების წილს ვერ მოითხოვს, რადგან ეს მისი ინდივიდუალური საკუთრებაა. კანონი მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებად მიიჩნევს ქონებას, რომელიც თითოეულმა მათგანმა ქორწინებამდე შეიძინა. ინდივიდუალურ ქონებად ითვლება ასევე ქორწინების წლებში მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც: ვთქვათ, ოფიციალურ ქორწინებაში მყოფმა ადამიანმა მემკვიდრეობით მიიღო ქონება მამისაგან, ბიძისგან, ან ნათესავისგან – ეს მისი ინდივიდუალური საკუთრებაა და მეორე მეუღლეს უფლება არა აქვს აქედან წილი მოითხოვოს, თუნდაც მოითხოვოს, მაინც ვერაფერს მიიღებს.

„ყოვლისშემძლე“ ხელშეკრულება

ეს ყველაფერი ძალას ჰკარგავს მაშინ, თუ მეუღლეებს შორის საქორწინო ხელშეკრულებაა გაფორმებული. ამ შემთხვევაში ყველაფერს სწორედ ეს ხელშეკრულება წყვეტს. მართალია, საქართველოში ეს პოპულარული არ არის და იშვიათად შეხვდებით საქორწინო ხელშეკრულებით დაკავშირებულ წყვილებს, მაგრამ ეს ხელშეკრულება ყველაფერს წყვეტს.

By | 2019-11-13T16:06:33+00:00 ოქტომბერი 25th, 2019|ბლოგი|0 Comments