ფინანსური მაქინაციები, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით

თითოეული ჩვენგანი თაღლითობის მსხვერპლი შესაძლოა, ნებისმიერ დროს გავხდეთ. მაქინაციებს, რომლითაც მოსახლეობა ტყუვდება, თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. ამ პრობლემაზე „ბიზნესპრესნიუსს“ ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება:

ენდე, მაგრამ გადაამოწმე

ხშირია შემთხვევა, როდესაც რეკლამებში უხარისხო და გამოუსადეგარ ნივთს აქებენ და ასაღებენ, როგორც საუკეთესოს და ხარისხიანს. ავიღოთ თუნდაც პარფიუმერული ნაწარმი, რომელსაც რეკლამის დამკვეთები თუ ავტორები ჯადოსნურ თვისებებს მიაწერენ. რომ წაიღო და ექსპერტიზა ჩაუტარო, იმის მეათედი სასარგებლო თვისებებიც არა აქვს, რასაც მიაწერენ. ზოგიერთი პროდუქციის რეკლამა სწორედ ასეთი თაღლითობაა. იგივე ითქმის ჰიგიენურ და პირადი მოხმარების საგნებზე, რომელთა ხარისხიც რეკლამაში ნათქვამს ხშირად არ შეესაბამება.

ტურისტული კომპანიები და დასაქმების სააგენტოები

ზოგიერთი ტურისტული კომპანიის საქმიანობა მარტივ მაქინაციებზეა აგებული: დაჰპირდებიან თავიანთ კლიენტს საუკეთესო პირობებს, თანხას გადაახდევინებენ და ადგილზე ჩასულ ტურისტებს კი სულ სხვა სურათი ხვდებათ. შეიძლება საერთოდაც ვერ ჩავიდნენ დათქმულ ადგილამდე, ან ძალიან ცუდ პირობებში მოუხდეთ ცხოვრება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც კლიენტისთვის ფული გამოურთმევიათ და აღარ გაუშვიათ.

იგივე შეიძლება ითქვას დასაქმების სააგენტოებზე, რომლებიც უცხო ქვეყნებში უშვებენ ხალხს სამუშაოდ. თაღლითობის მსხვერპლს იქ სამუშაო არ ხვდება, ან ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება: ამუშავებენ და თანხას არ უხდიან. ასეთი რამ ადრეც ხშირად ხდებოდა და ახლაც ხდება, თუმცა მსხვერპლი თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებს.

სადაზღვევო კომპანიები და ტოტალიზატორები

ჩემს პრაქტიკაში სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზარალებულთა საქმეებიც ყოფილა. რამდენიმე კლიენტს აგროდაზღვევის გამო ჰქონდა პრობლემა. მიდიან ფერმერთან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები, ავსებენ ხელშეკრულებას, რომელშიც სულ სხვა პირობებია ჩაწერილი და სულ სხვა რამეს ეუბნებიან. თუ სტიქიის გამო ეს ოჯახი მართლა დაზარალდება, ფულს აღარ უხდიან, ან მიზერულ თანხას აძლევენ. პირს, რომელსაც კომპენსაცია 10 ათასი ლარი ეკუთვნის, ხელს აწერინებენ, რომ 2 ათას ლარზეც თანახმაა. ფინანსური მაქინაციები ტოტალიზატორებისთვის ჩვეულებრივი ამბავია: ისინი ხშირად არ აძლევენ ადამიანებს მოგებულ თანხას. მოგეხსენებათ, ახლა ფსონის დადება ელექტრონული ვებგვერდის მეშვეობითაც შეიძლება. ტოტალიზატორს შეუძლია მოგება გააუქმოს და აღარ მისცეს. ამ ცოტა ხნის წინ ჩემთან დარეკა ერთმა მოქალაქემ, რომელმაც 2500 ლარი მოიგო, ყოველდღე დავდივარ ტოტალიზატორში და მოგებულ ფულს არ მაძლევენო – ჩიოდა. ამ ადამიანის მსგავსად, ტოტალიზატორის მსხვერპლი უამრავი ადამიანი გამხდარა.

უძრავი ქონების ბიზნესი

სამშენებლო კომპანიების მსხვერპლიც მრავალი ადამიანი გამხდარა, ავიღოთ თუნდაც „ცენტრ-პოინტის“ ცნობილი სკანდალი, ან სხვა კომპანიების მიერ ჩადენილი მაქინაციები. სამშენებლო კომპანიებს ხშირად აქვთ ჩადებული თავიანთ საქმეში მაქინაციური სქემები: ისინი წინასწარ უფორმებენ კლიენტებს ხელშეკრულებას და ჰპირდებიან, რომ მშენებარე კორპუსში მისცემენ ბინას. კლიენტურის მოსატყუებლად ვითომ მშენებლობას იწყებენ და მათ ფულს მოხერხებულად ითვისებენ. კორპუსი არ შენდება და მოტყუებული კლიენტი ვერც თანხას იბრუნებს და ვერც ბინას იშენებს. სამაგიეროდ, „მშენებლები“ მდიდრდებიან. ფინანსურ მაქინაციებს ხშირად ვხვდებით უძრავი ქონებით ვაჭრობის დროსაც: ყოფილა შემთხვევა, როდესაც მაკლერს მოუტყუებია ბინის მყიდველი, ან პირიქით, მყიდველს მოუტყუებია მაკლერი და კუთვნილი გასამრჯელო არ მიუცია. სხვათა შორის, თაღლითური სქემებით საქმიანობენ ონლაინსესხების გამცემი კომპანიები, რომლებიც კლიენტებს პროცენტების და ჯარიმების სახით არაადეკვატურად დიდ თანხას ახდევინებენ.

დაკარგული 350 ათასი დოლარი

ხშირია შემთხვევა, როდესაც ორ პირს შორის ფინანსურ გარიგებას ერთი მხარე თაღლითურად იყენებს. ყველაზე მეტად მსგავსი ფაქტები სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს ხდება. თანხის გამსესხებელი ხშირად რჩება დაზარალებული, რადგან მსესხებელი კუთვნილ თანხას არ უხდის. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსესხებელს ნასესხები ფულით ქონება შეუძენია, ბიზნესი წამოუწყია და თანხა უკან აღარ დაუბრუნებია. მაგალითად: მყავდა კლიენტი, რომელმაც 2003 წელს გაასესხა 350 ათასი დოლარი. მისი ფულით მსესხებლებმა ბიზნესი ააწყეს, დიდი ფული იშოვეს, მაგრამ ეს თანხა მფლობელს უკან აღარ დაუბრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ ვალის დაბრუნება შეუძლიათ, არ უბრუნებენ და სთხოვენ გადახდის ვადა კიდევ გაუხანგრძლივოს… მსგავს მაქინაციებს ადგილი აქვს იპოთეკური ხელშეკრულებების გაფორმების დროსაც. ასე რომ, როდესაც ვინმესთან ფინანსურ გარიგებას დებთ, ყველა დეტალს და ნიუანსს დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

By | 2019-08-30T14:54:58+00:00 აგვისტო 30th, 2019|ბლოგი|0 Comments