ადვოკატის რჩევები: რა უნდა ვიცოდეთ ალიმენტის შესახებ

ალიმენტის დაკისრების დროს ხშირად იჩენს თავს გაუგებრობები, რომლის თაობაზეც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება.

– ალიმენტზე საუბრისას ძირითადად მშობლისა და შვილის ურთიერთობას გულისხმობენ, თუმცა ეს გაცილებით ფართო ცნებაა. როგორც წესი, მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე – შრომისუუნარო შვილები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და დახმარებას საჭიროებენ. საერთოდ, ალიმენტის დანიშვნის საჭიროება განქორწინების შემდეგ წამოიქმნება. თანხის რაოდენობას მშობლები ადგენენ ურთიერთშეთანხმებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეთანხმდებიან, ალიმენტის ოდენობა ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.

-დავუშვათ, დედამ (ან მამამ) ისეთი თანხა მოითხოვა, რომლის გადახდის საშუალებაც მეორე მშობელს არა აქვს, ამ შემთხვევაში რა ხდება?

-ამ შემთხვევაში დავას სასამართლო წყვეტს: ორივე მშობლის შემოსავალი დგინდება და ამის მიხედვით ინიშნება ალიმენტიც. რაც უფრო ნაკლებია შემოსავალი, გადასახდელი თანხა უფრო ნაკლები იქნება. დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ალიმენტის ოდენობა შემოსავლის მესამედი, ან მეოთხედი უნდა იყოს. ეს საშუალო მაჩვენებელია. საქართველოში ბავშვს უფრო ხშირად დედა ზრდის და თუ მას უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ყოფილ მეუღლეს, ბავშვს უფრო ნაკლები ოდენობის ალიმენტს უნიშნავენ.

– ალიმენტის დანიშვნის დროს გამონაკლისი შემთხვევები თუ არსებობს?

-რასაკვირველია: შეიძლება მშობლები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ალიმენტის გადახდა მაინც დაეკისროს პირს, რომელიც საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. ასე რომ, მშობლების ერთად ცხოვრება ალიმენტის დაკისრებას არ გამორიცხავს. ასეთი რამ პრაქტიკაში იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. უფრო ხშირად მშობლები ერთად არ ცხოვრობენ და ალიმენტი ეკისრება იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს.

-თუ მშობელს ჩამორთმეული აქვს დედობის ან მამობის უფლება, ალიმენტის გადახდა თუ ევალება?

– თუ მშობელს დედობის (მამობის) უფლება აქვს ჩამორთმეული, ის თავისუფალია ალიმენტის გადახდისგანაც და მიღებისგანაც: როდესაც ასაკში შევა, კანონი მის შვილს აღარ აკისრებს, რომ მშობელი არჩინოს, მოუაროს და ალიმენტი გადაუხადოს, თუმცა ასეთი მამის (ან დედის) შვილი მშობლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის მიღების უფლებას ინარჩუნებს.

-თუ მოზარდი შრომისუუნაროა და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს?

-თუ შვილი შრომისუუნაროა, მაშინ მშობელს 18 წლის ასაკის შემდეგაც ევალება მისთვის ალიმენტის გადახდა. გარდა ამისა, მშობელი ვალდებულია მის აღზრდაშიც მიიღოს აქტიური მონაწილეობა – ვგულისხმობ მკურნალობის, განათლების თუ სხვა სახის ხარჯებს. თუ მშობელი ნებაყოფლობით არ იღებს შრომისუუნარო შვილის აღზრდაში მონაწილეობას, შეიძლება ასეთი ხარჯები სასამართლომ დააკისროს. იმ შემთხვევაში, თუ მეუღლის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შეიძლება მისმა აღმზრდელმა დედამ (ან მამამ) ალიმენტის რაოდენობის გაზრდა მოითხოვოს, ან დამატებითი ხარჯების დაფინანსება.

-ბატონო ირაკლი, არანაკლებ საყურადღებოა ის, თუ რა მოვალეობები აქვთ შვილებს შრომისუუნარო მშობლების მიმართ…

-აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით შვილების მოვალეობაზე მშობლების მიმართ, მაგრამ მშობლების მიმართ მოვალეობები შვილებსაც აქვთ, და-ძმებსაც აქვთ ერთმანეთის მიმართ, ასევე – ბებია-ბაბუას და შვილიშვილებს. როდესაც შვილი თავის შრომისუუნარო მშობელზე არ ზრუნავს, სასამართლომ შეიძლება ალიმენტის გადახდა დააკისროს. აქ ერთი გამონაკლისია, რომელზეც უკვე გესაუბრეთ: თუ მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და შრომისუუნაროა, მაშინ ის ვეღარ მოითხოვს შვილისგან ალიმენტს. აქაც თანხის ოდენობა შვილის შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ბებია და პაპაც ვალდებულნი არიან ალიმენტი გადაუხადონ არასრულწლოვან და შრომისუუნარო შვილიშვილს, თუ ის მშობლებისგან ვერ იღებს დახმარებას. ასევე შვილიშვილიც ვალდებულია შრომისუუნარო ბებია და პაპა არჩინოს, თუ ისინი ვერ იღებენ დახმარებას შვილებისაგან.

-გერსაც ევალება თავისი დედინაცვლის (ან მამინაცვლის) მოვლა და მისთვის ალიმენტის გადახდა?

-რა თქმა უნდა – თუ მამინაცვალი (ან დედინაცვალი) 5 წლის განმავლობაში მაინც ზრუნავდა გერზე, მაშინ არა აქვს უფლება, რომ ის სიბერეში უყურადღებოდ დატოვოს. სხვათა შორის, ასეთი ვალდებულებები დედმამიშვილებს შორისაც არსებობს: და, (ან ძმა) ვალდებულია მოუაროს, ან ალიმენტი გადაუხადოს შრომისუუნარო დედმამიშვილს, თუ მასზე მშობლები არ ზრუნავენ. ამ შემთხვევაშიც, ალიმენტის ოდენობა შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება.

By | 2019-08-09T08:43:51+00:00 აგვისტო 9th, 2019|ბლოგი|0 Comments